მუხრანბატონები

მუხრანბატონთა შტო მომდინარეობს ბაგრატიონთა უძველესი სამეფო დინასტიიდან. 1512 წელს ქართლის მეფე დავითმა თავის ძმას, უფლისწულ ბაგრატს, საჩუქრად უბოძა ქსნისა და არაგვის ხეობაში მდებარე მუხრანის მამული. მას შემდეგ მისმა შთამომავლებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს მათი დროის ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროში და თავიანთი კვალი დატოვეს ისტორიაში, რითაც ქართველი ერი ამაყობს. საუკუნეების მანძილზე ეს ნაყოფიერი მიწა ყველასთვის მიმზიდველი იყო და მუხრანბატონები მამაცურად იცავდნენ მას დამპყრობლებისგან. ისინი გონიერი და გაბედული მიწათმოქმედები იყვნენ და ვაჟკაცურად იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლისთვის. მათმა რაინდულმა ბუნებამ, შრომისმოყვარეობამ და თავგანწირულმა სულისკვეთებამ შესაძლებლობა მისცა მათ, სამეფო ტახტზე ასულიყვნენ მე-17 საუკუნის დასაწყისში.

 


ივანე მუხრანბატონი

მე-19 საუკუნის დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე ივანე მუხრანბატონი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს გამოჩენილი გენერლის, კონსტანტინე მუხრანბატონის ოჯახში. ახალგაზრდა ივანემ არჩევანი სამხედრო კარიერაზე შეაჩერა და 1850 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1853 წელს იგი გრენადერთა ქვედანაყოფის მეთაური გახდა. მრავალ ბრძოლაში გენერალ-ლეიტენანტის რანგში მან დიდი გამოცდილება შეიძინა და 42 წლის ასაკში დაინიშნა დასავლეთ საქართველოს სამხედრო გუბერნატორად, თბილისის თავადაზნაურთა წინამძღოლის პოსტზე, ივანე მუხრანბატონი წლების მანძილზე იბრძოდა საქართველოში უწიგნურობის აღმოსაფხვრელად. ვინაიდან კარგად ჰქონდა გათავისებული განათლების მნიშვნელობა, სკოლების დაარსებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა. ის ქართული უნივერსიტეტისა და ოფიციალური გაზეთების დამფუძნებელიც იყო.

მუხრანბატონი სოფლის მეურნეობით განსაკუთრებით 1875 წელს საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ დაინტერესდა, სადაც ნატიფი ხელოვნების დონეზე აყვანილი მეღვინეობის შესახებ ცოდნა ბორდოსა და შამპანის რეგიონებში გაიღრმავა. სამშობლოში დაბრუნებულმა საუკეთესო ქართული ღვინის წარმოება წინაპრების დატოვებულ მუხრანის მამულში გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც წარმატებული სამხედრო კარიერა შეწყვიტა, მან შესანიშნავი ვენახები გააშენა და 1.200.000 ლიტრის წარმადობის ქარხანა ააგო, სადაც პირველად მთელს კავკასიაში თამამად განახორციელა უნიკალური ინოვაციები. მუხრანის ღვინოების შესანიშნავმა რეპუტაციამ ქართულ ვენახებს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მუხრანის ღვინოზე მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა და წარმატებით იყიდებოდა სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ბაზრებზე, ასევე ვარშავასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პარიზში, ვენასა და ისეთ შორეულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა შეერთებული შტატები. ივანე მუხრანბატონს საწარმოს შემდგომი გრანდიოზული გაფართოება ჰქონდა დაგეგმილი, როდესაც 1895 წლის 11 მარტს 85 წლის ასაკში, ჩინებული ჯანმრთელობის მიუხედავად, მოულოდნელად გარდაიცვალა საკუთარ მამულში. იგი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, ბაგრატიონთა სამეფოს სახლის საგვარეულო განსასვენებელში.

მუხრანის პირველი წარმატება

1865 წელს პირველი მოსავლის შემდეგ ივანე მუხრანბატონის ღვინოები პირველად გამოჩნდნენ საერთაშორისო არენაზე. მოგვიანებით მუხრანბატონი რუსეთის საიმპერატორო კარზე ღვინის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. მისი ღვინო იმდროინდელი ეპოქის არაერთი ხელოვნების მოღვაწისა და მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა. ივანე მუხრანბატონი იყო პირველი, ვინც დაამტკიცა, რომ ქართულ ღვინოს მსოფლიოში აღიარებულ ღვინოებს შორის თავისი კუთვნილი ადგილი გააჩნია. ადგილობრივი და შემოტანილი ყურძნის ჯიშების შერწყმით მან დაამზადა უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რამაც ექსპერტთა უმკაცრესი მოთხოვნები და ნამდვილი ღვინის მოყვარულთა დახვეწილი გემოვნება დააკმაყოფილა. ვენახები იმ დროს 400 დესეტინაზე იყო გაშენებული და თითოეულზე 200 სათლი ღვინო მზადდებოდა. მუხრანის მამულის ძირითადი შენობა-ნაგებობები სამსართულიანი სასახლის, კასრებისა და ღვინის ქარხნისგან და ასევე მაღაზიებისაგან შედგებოდა.

მუხრანბატონი და კომპანია ცნობილი 1863 წელს გახდა, როდესაც მისმა ღვინოებმა თბილისში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე უმაღლესი აღიარება ჰპოვა. ღვინის ქარხანამ სრულად ფუნქციონირება 1876 წელს 12 სახეობის ღვინის წარმოებით დაიწო. 1844 წელს ყოველწლიურმა შემოსავალმა 244 700 მანეთი შეადგინა. ბრუნვამ უმაღლეს მაჩვენებელს 1896 წელს მიაღწია და 300 000 მანეთი შეადგინა. მოდის, გემოსა და ტრადიციების ფუძემდებელი მუხრანის ღვინოები საერთაშორისო გამოფენებზე მრავალი პრიზით დაჯილდოვდა და ღვინის დეგუსტაციებზე მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს ტოლს არ უდებდა. 1882 წელს მოსკოვში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე მუხრანის ღვინოებმა აღიარება მოიპოვეს და მთავარი პრიზი მიიღეს — სახელმწიფო მედალი სოფლის მეურნეობის სფეროში დამსახურებისათვის.

მუხრანულმა ღვინოებმა ოქროს მედალი იმავე წელს მოიპოვეს ოდესის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. მათ 1884 წელს იალტაში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს, ამავე გამოფენაზე 1884 წელს წარმოებულმა მუხრანი №5-მაც მოიპოვა აღიარება. მუხრანის ცქრიალა ღვინო ისეთი მაღალი ხარისხისა იყო, რომ 1889 წელს პარიზის ღვინის გამოფენაზე მას პირველი პრიზი მიენიჭა, ხოლო 1892 წლის მოსკოვის გამოფენაზე სახელმწიფო ჯილდო დაიმსახურა. 1898 წელი უბადლო მიღწევების წლად იქცა, როდესაც მუხრანის ღვინომ უმაღლესი ჯილდო მიიღო პარიზში და მუხრანბატონს, ვენახების მფლობელს, საფრანგეთის მთავრობის მიერ „სოფლის მეურეობის დამსახურებული მოღვაწის“ („Officier du mériteagricole’’) წოდება მიენიჭა.